Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

ბლოგი ქალებზე, შშმ პირებსა და ზოგადად ადამიანის მეობაზე...

ბლოგი ქალებზე, შშმ პირებსა და ზოგადად ადამიანის მეობაზე...

ოთხშაბათი, 23 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

მაკა ნათელაურის ბლოგი ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ზოგადად ადამიანის მეობაზე...

საახალწლო განწყობის, სტუდენტების შუალედური გამოცდების თუ ყოველდღიური რუტინის მიუხედავად, დაუთმეთ 5 წუთი სხვის სატკივარს, რომელიც სინამდვილეში თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია...

სარკესთან ბაასი

სარკეს ვუყურებ. იმ გოგოს თვალებში ვიმზირები, რომელიც ჩემს პირისპირ თავის განუშორებელ ეტლში ზის.

- დღევანდელ დღეს გილოცავ! - გამომძახა მან სარკიდან.
- რას მილოცავ?
- დაგავიწყდა დღეს რა ხდება?
მე სარკეს უხმოდ დავაშტერდი.
- დღეს 3 დეკემბერია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.
- რა იდიოტი ხარ!
- რატომ ილანძღლები?
- იმიტომ, რომ ეს დღე მოსალოცი არაა! - განვუმარტე სარკეს.
- რატომ?
- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ 3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა და არა შშმ პირების დღე...
- ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ოდესღაც ზუსტად იგივე დატვირთა ჰქონდა, რაც 3 დეკემბერს აქვს. 1857 წლის ნიუ-იორკში აუტანელი სამუშაო პირობებისა და მწირი ხელფასის გამო მუშა ქალები გაიფიცნენ. ანუ 8 მარტიც თავის დროზე ქალთა უფლებების დაცვის დღე იყო და მხოლოდ 1975 წელს გამოაცხადეს დღესასწაულად. - ამიხსნა სარკემ, - ესე იგი 8 მარტსა და 3 დეკემბერს შორის განსხვავება არ ყოფილა და ვინ იცის, წლების შემდეგ, 8 მარტის მსგავსად, 3 დეკემბერიც შშმ პირების დღესასწაულად იქცეს?! მაშ, თუ ქალთა დღე და ბევრი ასეთი თარიღი მისალოცია, სამმა დეკემბერმა რაღა დააშავა?

პასუხი არ მქონდა.
- რადგან ამ დღის მოლოცვა არ გინდა, ესე იგი ჯერ კიდევ თაკილობ შშმ პირი რომ ხარ, უფრო სწორად, ჯერ კიდევ ცდილობ შშმ პირობას თავი დააღწიო და სხვა გახდე!
- ეგ რაღა შუაშია?
- შუაში კი არა თავშია! - მტკიცედ თქვა ჯიუტმა სარკემ.

გავცხარდი, სარკის უგუნრობა ყელში ამომივიდა და მკაცრად შევეპასუხე.
- გინდა, რომ ოდესმე 3 დეკემბერი ჩვენს დღესასწაულად იქცეს? ვერ გამიგია შშმ პირობა რა მოსალოცია? რას მილოცავ ერთი მითხარი? იმას, რომ სასეირნოდ წასვლაც კი ჩემთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს? თუ იმას, რომ თეატრში ან კინოში მჯდომს გარშემომყოფების მოშტერებული მზერის გამო თავი უცხო პლანეტელი მგონია და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს კვლევის ობიექტი ვიყო? თუ ჩემი თანდასწრებით ჩემზე მესამე პირში რომ ლაპარაკობენ და ჩემს თანმხლებ პირს ეკითხებიან, მე რა მიყვარს, რა არ მომწონს, რამდენი წლის ვარ (ამ კითხვას წესით 26 წლის ქალიშვილს ვეღარ უბედავენ, მაგრამ ამას სათვალავში აღარ ვთვლი, რადგან ეს ყველაზე ნაკლებად მაღიზიანებს), რას შევჭამ, რას ვაპირებ (!) და კიდევ რომელი ერთი ჩამოგითვალო... ამას მილოცავ, ესაა მოსალოცი?
- მაშინ მაგ ლოგიკას, რომ გავყვეთ, არც ერთი დღე არაა მისალოცი, მათ შორის არც 8 მარტი.

გავჩუმჸ.
-8 მარტს ქალებს ულოცავენ... ულოცავენ იმას, რომ ის ქალია! ქალი რა არის? ქალი ოჯახის მონაა, ქალი მეუღლის ნივთია (ამის აღიარება არ გვსურს, მაგრამ ხშირად ასეა), ქალი ქმრის მოსამსახურეა, ქალი მრეცხავი-მზარეულია, დედაა, მეუღლეა, ოჯახის ექიმია, სახლის დამლაგებელია. დამლაგებელი და მრეცხავი რომ ხარ, და მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი გევალება, არა მგონია მისალოცი იყოს... მაგრამ ულოცავენ. - მივახალე სარკეს.

-კი, მართალია, ქალი ცხოვრებისგან ძალიან ხშირად იჩაგრება, უმეტესობა სახლში იკეტება, მას თავისი პერსონა არ აქვს და ოჯახური საქმის, პრობლემების გამო საკუთარი სურვილები, მისწრაფებები, საკუთარი ,,მე" ავიწყდება, მაგრამ (!) ის დედაა, ის სიცოცხლეს ჩუქნის - ბავშვს აჩენს, რომელიც უნდა გაზარდოს, აღზარდოს... მას შვილის სახით საჩუქრად ის ჭურჭელი ევლინება, რომელიც თვითონ უნდა აავსოს და მოათავსოს ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის. შემდგომ კი იმის ფუფუნება ეძლევა, ამ ჭურჭელს თავი მოხსნას და შესვას, მიიღოს, რასაც წლების განმავლობაში ათავსებდა... საკუთარი შვილის პიროვნებას ქმნის დედა, ის გარკვეულწილად შემოქმედია, შემოქმედებითობა კი, ვფიქრობ, ბედნიერებაა! ყველაზე ძვირფასი რამეა ამ ქვეყნად. ამის გარდა, ქალი ლამაზი, ნაზი, სათუთი არსებაა... ეს კი, ჩემი აზრით, ნამდვილად მისალოცია!
- გამოდის, რომ ეს შემოქმედი ადამიანი, დედა, სათუთი არსება იმ ქალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ოჯახის მონაა და ქმრის ნივთი?
- კი, ეგრეა! - თავი დავუქნიე სარკეს.
- ჰოდა, მეც მანდ ვარ. - გამიღიმა ანარეკლმა - ზუსტად იგივეა შენს შემთხვევაშიც.
- რას გულისხმობ?
- ის გოგო (წეღან რომ ახსენე), რომლისთვისაც გარეთ გასვლა პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც გაუცხოვების გრძნობა აქვს და საზოგადოებრივ ადგილას თავი უცხო პლანეტელი ჰგონია და ა. შ. ის გოგო შენი, იმ ადამიანის განუყოფებელი ნაწილია, რომელსაც გაქვს საკუთარი მიზნები, ოცნებები, გაქვს საყვარელი საქმე, გყავს საყვარელი ადამიანები, გიხარია სიცოცხლე და შეყვარებული ხარ მასზე. პირველი, შშმ პირი გოგონა, რომ არ არსებობდეს, არც მეორე, სიცოცხლეზე შეყვარებული გოგონა იარსებებდა (ისევე როგორც ოჯახის მონის პარალელურად არსებობს დედა)! შშმ პირი გოგონა კი იმ გოგონას შემადგენელი ნაწილი და ტვირთია, რომელიც სიცოცხლეზეა შეყვარებული, ეს ტვირთი შენ უნდა ზიდო! სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ შშმ პირმა გოგონამ ჩამოაყალიბა პიროვნება, რომელიც შენშია! ამიტომ შენი ნაწილი შშმ პირი გოგონაც უნდა მიიღო, უნდა ისწავლო მასთან თანაცხოვრება, შეიყვარო და მასაც უნდა მიულოცო წელიწადში ერთხელ თავისი დღე!

სარკესთან დიალოგზე ფიქრი, მაქანაშიც გამყვა, როცა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისკენ გავემართე. თბილისის ქუჩები უკვე საახალწოდ მოერთოთ. ფერადმა სურათმა ერთი კურიოზი მომაგონა, რომელიც წინა ახალწელს გადამხდა:
საახალწლო სუფრაზე ვიყავი, თამადა ჩემთან მოვიდა და მითხრა; ,,ვაჟას - ბრძენ კაცს - უთქვამს ,,ზოგჯერ ათასთა ცოცხალსა ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია!", ნუგეში, შვილო ნუგეში!"-ო, თანამიგრძნო თამადამ. მართალია, იმ წუთას ვერა, მაგრამ მეორე დღეს, როცა ვიხსენებდი მის სიტყვებს, მივხვდი, რომ თამადამ მკვდრებს მიმათვალა, რაზეც სიცილი ამივარდა.

ახლაც, მოგონებებში ჩაფლულს, ჩემდაუნებურად გამეცინა. მანქანის სარკეში ისევ დავინახე ანარეკლი და დიალოგი განვაგრძე:

- ზოგი მკვდარს რომ მადარებს, ესეც მოსალოცია?
- ჯერ ერთი, ეს ინციდენტი, რომ არ მომხდარიყო, ასე გულიანად ვერ იცინებდი! მეორეც, ხომ იცი, რომ თამადამ უბრალოდ მექანიკური შეცდომა დაუშვა, თორე ამის თქმა არ უნდოდა... ყველაფერში კარგი მხარე უნდა დაინახო.
- გიჟი ხარ რა, ფერადი სათვალე გიკეთია და სამყაროს ასე უყურებ.
- მერე შენ რა გინდა? ადამიანმა ყველაფერში კარგი მხარე უნდა მოძებნოს, ცუდს ყურადღება არ მიაქციოს. მთავარია იცოდეს, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს; ნათელი და ბნელი. ბნელი მხარეც უნდა დაინახოს, მაგრამ ყურადღება ნათელზე გაამახვილოს.

სარკესთან ბაასი შევწყვიტე, ვინაიდან, მანქანა უკვე Ƶ-ს ეზოში გაჩერდა.
მოლოდინი გამიმართლდა და აუდიტორია ნახევრად ცარიელი დამხვდა, თუმცა თავში ინგლისური ბრძნული გამონათქვამი ამომიტივტივდა, რომელიც გვეუბნება, ეჭვი არასდროს შეგვეპაროს იმაში, რომ მსოფლიოს შეცვლას გონიერ, ერთგულ მოქალაქეთა არამრავალრიცხვოვანი ჯგუფიც შეძლებსო, ამიტომ მსენელთა სიმცირე არაფრად ჩავაგდე და ლექციის დაწყებას მშვიდად დაველოდე.

ლექციის მთავარი თემა 3 დეკემბერი, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე იყო და მას ,,ყოველი მეათე ჩვენგანი" ერქვა, რადგან შშმ პირები მოსახლეობის 10% წარმოვადგენთ. ლექციაზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება იმაზე გაამახვილეს, თუ რა პრობლემებს ვაწყდებით შშმ პირები არაადაპტირებულ გარემოსა და სტერეოტიპებით სავსე საზოგადებაში.

სტუდენტებს შშმ პირებთან ურთიერთობის სპეციფიკა აუხსნეს. ჩატარდა ტრენინგი - სტუდენტებმა დროებით მოირგეს შშმ პირების როლი: ორმა ბიჭმა - უსინათლოს ამპულა, ერთმა გოგონამ კი - ეტლით მოსარგებლის. Ƶელი ,,შშმ პირები" დამოუკიდებლად გადაადგილებას შეეცადნენ და საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რა ძნელია არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრება.

ვინაიდან სტუდენტებმა ამ ტრენინგზე შშმ პირებზე უფრო მეტი გაიგეს, გაუცხოვების ბარიერი გადალახეს და მიხვდნენ, რომ ჩვენც მათი მსგავსი ადამიანები ვართ, ტრენინგის შემდეგ სტუდენტების უმეტესობამ იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ გარემო ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ყოველივე ამან კი ჩემი აკვიატებული აზრი განმიმტკიცა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ მთავარია ხალხს გავაგებინოთ, ავუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადაპტირებას და შედეგიც აუცილებლად დადგება.

ლექცია-ტრენინგიდან იმდენად ხალისიანი განწყობით წამოვედი, ლამის დავნებდი სარკეს, რომ ეს დღეც შეიძლება იყოს სასიხარულო... დღესასწაული თუ არა, ერთი გამორჩეული და პოზიტიური დღე.

თუმცა ეს მაშინ მოხდება, როცა მე ქუჩაში თავისუფლად გავალ და გარშემომყოფებიც, დღევანდელი ლექციის მონაწილეების მსგავსად, თავიანთ თანასწორად, თანაბარ პიროვნებად აღმიქვამენ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა